მართვის მოწმობის კატეგორიები
14.10.2024
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებას, გამოცდილებასა და პასუხისმგებლობასთან ერთად, ოფიციალური დოკუმენტიც უნდა ადასტურებდეს. ვგულისხმობთ მართვის მოწმობას, რომელიც ადასტურებს, რომ მძღოლი კანონით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და აქვს საჭირო უნარები, რათა უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობიანად მართოს კონკრეტული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.
საქართველოს კანონმდებლობით, სხვადასხვა ტრანსპორტის შემთხვევაში, განსხვავებულია თეორიული ან/და პრაქტიკული გამოცდა, ამასთანავე ასაკობრივი ზღვარიც, კონკრეტულად, რა ტიპის ტრანსპორტის მართვის უფლება შეუძლია ადამიანს A, B, C, D, E, S, T კატეგორიებისა და მათი ქვეკატეგორიების გათვალისწინებით.
მართვის ამ კატეგორიებსა და ქვეკატეგორიებზე ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რათა სწორად შეარჩიოთ და მოიპოვოთ ის მართვის უფლება, რომელიც თქვენს მიზნებსა და საჭიროებებს უპასუხებს.
აქვე, შეგახსენებთ, რომ კომპანია MOGO გთავაზობთ როგორც ავტომობილის, ასევე სკუტერის შეძენას, ლიზინგის მეშვეობით.
კატეგორია AM: მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი;
-
მოპედი: ორ- ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს.
-
მსუბუქი კვადროციკლი: ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს.
AM კატეგორია გაიცემა 16 წლიდან.
*არასრულწლოვანმა პირმა, დამატებით, უნდა წარმოადგინოს დაბადების მოწმობა ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. ასევე, გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს მშობელთან ერთად, ან წარმოადგინოს მშობლის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა.
კატეგორია A: მოტოციკლი
A კატეგორია გაიცემა – 24 წლიდან (21 წლიდან, თუ ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე, არანაკლებ 2 წლით ადრე, პირს მინიჭებული აქვს A2 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება).
ქვეკატეგორია A1: მოტოციკლი, რომლის ძრავის მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ3-ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე − 11 კვტ-ს (მსუბუქი მოტოციკლი);
A1 ქვეკატეგორია გაიცემა 17 წლიდან.
ქვეკატეგორია A2: მოტოციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი 0,2 კვტ/კგ-ს.
A2 ქვეკატეგორია გაიცემა 18 წლიდან.
კატეგორია B
B კატეგორიის მართვის უფლება საშუალებას გაძლევთ მართოთ მსუბუქი ავტომობილი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და აქვს არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი, მძღოლის ადგილის გარდა.
ასევე, შეგიძლიათ მართოთ B კატეგორიის ავტომობილი მისაბმელით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს. თუ მისაბმელის მასა 750 კგ-ს აჭარბებს, ასეთ შემადგენლობას მართავთ იმ პირობით, რომ მისაბმელის წონა არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას და საერთო ჯამში ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ზე მეტი არ იქნება.
B კატეგორია გაიცემა 17 წლიდან.
ქვეკატეგორია B1: მოტორიზებული ტრიციკლი და კვადროციკლი.
B1 კატეგორია გაიცემა - 16 წლიდან.
კატეგორია BE
თუ B კატეგორიის ავტომობილს მიაბამთ მისაბმელს, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ს და ავტომობილის დაუტვირთავ მასას აღემატება, ან თუ მთლიანად ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აჭარბებს, საჭიროა შესაბამისი BE კატეგორიის მართვის უფლება.
BE კატეგორია გაიცემა 18 წლიდან.
კატეგორია C
თუ ავტომობილის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს და ის არ არის სამგზავრო სატრანსპორტო საშუალება (რომელიც მიეკუთვნება D1 ან D კატეგორიას), საჭიროა C კატეგორიის მართვის უფლება. გარდა ამისა, C კატეგორიის ავტომობილი შეგიძლიათ მართოთ მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს
C კატეგორია გაიცემა - 21 წლიდან.
ქვეკატეგორია C1
თუ ავტომობილის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება, მაგრამ არ აჭარბებს 7 500 კგ-ს და ის არ მიეკუთვნება D1 ან D კატეგორიებს, საჭიროა C1 ქვეკატეგორიის მართვის უფლება. ასევე, C1 კატეგორიის ავტომობილს შეგიძლიათ მართოთ მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს.
C1 კატეგორია გაიცემა - 18 წლიდან.
კატეგორია CE
C კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს.
CE კატეგორია გაიცემა - 21 წლიდან.
ქვეკატეგორია C1E
C1 ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.
C1E კატეგორია გაიცემა 18 წლიდან.
კატეგორია D
ავტომობილი, რომელიც მგზავრთა გადასაყვანადაა განკუთვნილი და რომლის დასასხდომი ადგილები, მძღოლის ადგილის გარდა 8-ს აღემატება, აგრეთვე D კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ს არ აღემატება
D კატეგორია გაიცემა - 24 წლიდან.
ქვეკატეგორია D1
თუ ავტომობილი განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და მას აქვს 8-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 16 დასაჯდომი ადგილი (გარდა მძღოლის ადგილისა), და მისი სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, საჭიროა D1 ქვეკატეგორიის მართვის უფლება. ასევე, D1 კატეგორიის ავტომობილს შეგიძლიათ მართოთ მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს.
D1 კატეგორია გაიცემა - 21 წლიდან.
კატეგორია DE
D კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს.
DE კატეგორია გაიცემა 24 წლიდან;
ქვეკატეგორია D1E
D1 ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.
D1E კატეგორია გაიცემა - 21 წლიდან.
კატეგორია T
სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა, აგრეთვე T კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;
T კატეგორია გაიცემა - 17 წლიდან.
კატეგორია S
საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები, აგრეთვე S კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან.
S კატეგორია გაიცემა - 18 წლიდან.
უფრო დეტალურად, მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, მომსახურების სააგენტოს გვერდზე, „მიღების წესის“ კატეგორიაში, თქვენთვის სასურველ ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოთ. თქვენთვის ამ ინფორმაციის ლაკონიურად გაზიარების წინაპირობა კი, თემით უფრო სიღრმისეულად დაინტერესება და თქვენთვის იმის შეხსენებაა, რომ MOGO-ლიზინგის მეშვეობით, ტქვენთვის სასურველი ავტომობილისა თუ სკუტერის შეძენა შეგიძლიათ!