მართვის 10 ჩვევა, რომელიც თქვენს მანქანას ზიანს აყენებს
03.03.2025

ცუდი მართვის ჩვევები არის ყოველდღიური ქმედებები, რომლებსაც მძღოლები ხშირად ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა დროთა განმავლობაში ისინი თანდათან აზიანებს ძრავას, მუხრუჭებს, საბურავებსა და ავტომობილის სხვა კომპონენტებს.
ავტომობილის მოვლა და სწორად მართვა გადამწყვეტი ფაქტორია მისი ხანგრძლივი და გამართული ფუნქციონირებისთვის. თუმცა მანქანის გამართულობა მხოლოდ ტექნიკურ მომსახურებაზე არ არის დამოკიდებული - ყოველდღიური მართვის ჩვევები ხშირად უფრო დიდ გავლენას ახდენს ავტომობილის მდგომარეობაზე, ვიდრე გვგონია.
ზოგიერთი მავნე ჩვევა, რომელსაც მძღოლები ხშირად ვერც აცნობიერებენ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩანს, თუმცა დროთა განმავლობაში ძვირადღირებულ დაზიანებებს იწვევს. ამ სტატიაში განვიხილავთ იმ შეცდომებს, რომლებსაც უნდა მოერიდოთ, რათა თქვენი ავტომობილი დიდხანს და უპრობლემოდ გემსახუროთ.

1. ავტომობილის გადატვირთვა
რა მასის დატვირთვას უძლებს თქვენი ავტომობილი? - ამ კითხვაზე პასუხის ქონა აუცილებელია, ვინაიდან მუდმივად გადატვირთული მანქანა აჩქარებს ძრავის, დაკიდების სისტემისა და საბურავების ცვეთას. ამასთან, გადატვირთული მანქანა ავტოსაგზაო შემთხვევისას ან ექსტრემალური სიტუაციის დროს, მძღოლის, მგზავრებისა და სხვა ადამიანების სიცოცხლესაც საფრთხის ქვეშ აგდებს.
რჩევა: გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად გადახედეთ სახელმძღვანელოს ან მძღოლის კარის ეტიკეტს, სადაც მითითებულია მაქსიმალური დასაშვები მასა.
2. საინფორმაციო დაფის სიგნალების იგნორირება
ავტომობილის საინფორმაციო დაფაზე (dashboard) მოციმციმე ან ანთებული ნიშნების უგულებელყოფა დაუშვებელია. ეს ინდიკატორები ავტომობილის ერთგვარი "ენაა" - მათი მეშვეობით მანქანა გვამცნობს, რომ სისტემაში რაიმე გაუმართაობაა და ყურადღებას საჭიროებს. თითოეულ ნიშანს თავისი მნიშვნელობა აქვს და, სავარაუდოდ, სხვადასხვა პრობლემის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის:
- ძრავის გაუმართაობა - ე.წ. "Check engine" სიგნალი, რომელიც სხვადასხვა ხარვეზზე მიუთითებს;
- ზეთის დაბალი დონე ან წნევა - ძრავის შეზეთვის სისტემის პრობლემა
- სამუხრუჭე სისტემის პრობლემა - მუხრუჭების ან სამუხრუჭე სითხის ხარვეზი;
- გადახურებული ძრავი - ტემპერატურის საშიშ ზღვარზე მაღლა აწევა;
- საბურავების წნევის ვარდნა (TPMS) - ერთი ან რამდენიმე საბურავის არასაკმარისი წნევა;
- ბატარეის პრობლემები - დამუხტვის სისტემის ან აკუმულატორის ხარვეზი.
თუ ამ ინდიკატორებს დროულად არ მიაქცევთ ყურადღებას, მცირე ხარვეზი შესაძლოა სერიოზულ და ძვირადღირებულ დაზიანებად გადაიზარდოს. განსაკუთრებით საშიშია წითელი ფერის სიგნალები - ისინი გადაუდებელ რეაგირებას მოითხოვს.
რჩევა: თუ წითელი ინდიკატორი აინთო, უსაფრთხოდ გააჩერეთ ავტომობილი და მიმართეთ სპეციალისტს; ყვითელი ნიშნის შემთხვევაში კი უახლოეს დროს ჩაიტარეთ დიაგნოსტიკა.
3. ძრავის მაღალი სიჩქარით გათბობა
ბევრი მძღოლი მიიჩნევს, რომ ცივი ძრავის სწრაფი გათბობისთვის მაღალ ბრუნებზე მუშაობაა საჭირო, თუმცა სინამდვილეში ეს პრაქტიკა ზიანს აყენებს ძრავს. როცა ძრავი ცივია, ზეთს დრო სჭირდება, რომ მთლიანად მიაღწიოს ყველა მოძრავ ნაწილამდე. მაღალი ბრუნების გამოყენება ამ დროს ზრდის დეტალების ცვეთას და ამცირებს ძრავის ხანგრძლივობას. საუკეთესო ვარიანტია ავტომობილის 20-30 წამის განმავლობაში მშვიდად დატოვება ჩართულ მდგომარეობაში, შემდეგ კი ნელი სვლით გადაადგილება. პირველი 15-20 წუთის განმავლობაში, მკვეთრი აჩქარებისა და მაღალი ბრუნებისგან თავშეკავება.
რჩევა: პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში მშვიდად იარეთ და მაღალი ბრუნები მოერიდეთ.

4. ავტომობილის მართვა საწვავის მინიმალური დონით
როცა საწვავის დონე მუდმივად მინიმალურია, ავტომობილს დამატებითი რისკი ექმნება. განსაკუთრებით დიზელის ძრავიან მანქანებში, საწვავის ტუმბო (ნასოსი) სწორედ საწვავით ცივდება და იზეთება - დაბალი დონის პირობებში კი ტუმბო ჰაერს "ისრუტავს", ზედმეტად ხურდება და დროთა განმავლობაში ზიანდება.
ამასთან, ავზის ფსკერზე დროთა განმავლობაში გროვდება ნალექი და მინარევები, რომლებიც დაბალი დონისას ადვილად ხვდება საწვავის სისტემაში და ფილტრს ან ინჟექტორებს აზიანებს. მცირე რაოდენობით საწვავით ხშირი დაქოქვაც დამატებით დატვირთვას უქმნის აალების სისტემას.
რჩევა: ეცადეთ, საწვავის დონე ავზის მეოთხედზე დაბლა არ ჩამოვიდეს - ეს იცავს ტუმბოს გადახურებისგან და ინჟექტორებს ნალექისგან.
5. გადაცემათა კოლოფის არასწორი გამოყენება
გადაცემათა კოლოფის არასწორად გამოყენება მის დროზე ადრე ცვეთას იწვევს,. ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ Reverse (უკუსვლა) და Drive (წინ სვლა) რეჟიმებს შორის გადართვისას ავტომობილი სრულად გააჩეროთ. თუ სიჩქარის ცვლილებისას მანქანა ოდნავ მაინც მოძრაობს, ეს გადაცემათა კოლოფს ზედმეტ დატვირთვას უქმნის და მექანიზმებს აზიანებს.
რჩევა: ავტომატიკაზე გადართვამდე ავტომობილი ბოლომდე გააჩერეთ, მექანიკაზე კი გადაცემის შეცვლის შემდეგ ორივე ხელი საჭეზე დააბრუნეთ.
6. გადაცემათა ბერკეტზე ხელის დაყრდნობა
ზოგიერთი მოძღოლი ატკიცებს, რომ თუ ხელი სიჩქარეთა გადაცემის ბერკეტზე გამუდმებით გვიდევს, ეს ცუდად თავად სიჩქარეთა კოლოფზე აისახება. ამ მოსაზრების უტყუარობის დადასტურება რთულია, თუმცა დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ თუ მოძრაობისას მძღოლს საჭე მხოლოდ ერთი ხელით უჭირავს, ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება.
რჩევა: მოძრაობისას ორივე ხელი საჭეზე გქონდეთ - ეს გაძლევთ ავტომობილზე უკეთეს კონტროლს და ამცირებს ავარიის რისკს.

7. საცობებში გადაადგილება
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილით საცობებში გადაადგილება ყველა მძღოლისთვის ჯოჯოხეთია, ვინაიდან მუდმივად გიწევს სიჩქარიდან სიჩქარეში გადართვა. ასეთ შემთხვევებში, მძღოლები ამჯობინებენ ხოლმე, რომ გადაბმულობის ქურო (იგივე „ცეპლენია“) სულ გათიშულ მდგომარობაში ჰქონდეს. ასე ხომ სიჩქარეების შეცვლა უფრო სწრაფადაა შესაძლებელი?! თუმცა აქ ის უნდა გახსოვდეთ, რომ გადაბმულობის ქუროს ზომაზე მეტად გათიშვას იგი მწყობრიდან გამოჰყავს და შესაბამისად, აზიანებს.
რჩევა: ქუროს პედალს მხოლოდ სიჩქარის გადართვის მომენტში აჭირეთ; საცობში დგომისას კი ავტომობილი ნეიტრალზე დააყენეთ და პედალს ფეხი აუშვით.
8. სწრაფი გადავლა სიჩქარის შემაფერხებლებზე და გზის დაბრკოლებების უგულებელყოფა
სიჩქარის შემზღუდველები, რომლებიც ხშირად ცნობილია როგორც "მწოლიარე პოლიციელები", იმ ადგილებში მონტაჟდება, სადაც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა სიჩქარის შემცირება. მათზე სწრაფად გადავლა არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეებსა და სხვა მძღოლებს, არამედ აზიანებს ავტომობილის დაკიდების სისტემას, საბურავებსა და სავალ ნაწილებს.
იმავე პრინციპით მოქმედებს გზაზე არსებული სხვა დაბრკოლებებიც. მაღალი სიჩქარით ორმოში ჩავარდნა ან ბორდიურზე შეჯახება საკისრის, დისკების, საბურავებისა და საჭის სისტემის დაზიანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ერთი უხეში დარტყმაც კი საკმარისია, რომ დისკი მოიღუნოს, საბურავზე ბუშტი გაჩნდეს ან გეომეტრია (რაზვალი) აირიოს.
რჩევა: სიჩქარის შემაფერხებელს და უსწორმასწორო მონაკვეთს ნელა, დამუხრუჭებული სვლით გადაუარეთ; გზის საფარს წინასწარ დააკვირდით და დაბრკოლებებს მაქსიმალურად მოერიდეთ.
9. მკვეთრი დამუხრუჭება
ხშირი და მკვეთრი დამუხრუჭება სწრაფად ცვეთს სამუხრუჭე ხუნდებსა და დისკებს, ასევე აზიანებს დაკიდების სისტემას. რაც უფრო დიდია სიჩქარე, მით მეტად უნდა გავზარდოთ სამუხრუჭე ძალა, რომ ავტომობილის დამორჩილება შევძლოთ. გარდა იმისა, რომ მკვეთრი დამუხრუჭება სახიფათოა, ასევე ამ დროს სამუხრუჭე სისტემაზე მოდის არანორმალური დატვირთვა.
რჩევა: შეინარჩუნეთ უსაფრთხო დისტანცია წინა ავტომობილთან და წინასწარ, თანდათანობით დაამუხრუჭეთ - ეს იცავს სამუხრუჭე სისტემას და ამცირებს საწვავის ხარჯსაც.
10. პარკირებისას ხელის მუხრუჭის გამოყენების უგულებელყოფა
ხელის მუხრუჭის გამოყენება აუცილებელია არა მხოლოდ დაღმართზე პარკირებისას, არამედ მოსწორებულ ზედაპირზეც. მისი უგულებელყოფის შემთხვევაში, ავტომობილის მთლიანი წონა გადაცემათა კოლოფის მცირე დეტალებს აწვება, რაც დროთა განმავლობაში მის ცვეთასა და დაზიანებას იწვევს. ხელის მუხრუჭის სწორად გამოყენება ხელს უწყობს მანქანის სტაბილურობას და გადაცემათა კოლოფის ხანგრძლივ ფუნქციონირებას.
რჩევა: დაღმართზე ჯერ ხელის მუხრუჭი დააჭირეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადართეთ Park რეჟიმზე - ასე მთელი დატვირთვა მუხრუჭზე მოვა და არა გადაცემათა კოლოფზე.

დასკვნა
ავტომობილის ხანგრძლივი და უპრობლემო ექსპლუატაციისთვის მხოლოდ ხარისხიანი საწვავი და დროული სერვისი არ კმარა. ყოველდღიური მართვის კულტურა და სწორი ჩვევები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური მოვლა. მცირე ცვლილებები თქვენს ქცევაში დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ძვირადღირებული შეკეთება და მანქანა წლების განმავლობაში კარგ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ. თუ გსურთ ავტომობილის შეძენა და დიდ დანახარჯებს ამ ეტაპზე თავს არიდებთ, შეგიძლიათ ჩვენი ლიზინგით ისარგებლოთ.
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
1. რამდენად ხშირად უნდა შევამოწმოთ ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა?
სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ ავტომობილის სრულ ტექნიკურ შემოწმებას მინიმუმ წელიწადში ერთხელ ან მწარმოებლის მიერ განსაზღვრული გარბენის შემდეგ. ზეთისა და ფილტრების შეცვლა კი რეგულარულად უნდა მოხდეს.
2. ძრავის გახურება აუცილებელია თუ არა?
თანამედროვე ავტომობილებს ხანგრძლივი გახურება არ სჭირდება, თუმცა დაქოქვის შემდეგ პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში მშვიდი მართვა რეკომენდებულია, რათა ზეთმა სისტემაში სრულად იმუშაოს.
3. აზიანებს თუ არა აგრესიული მართვა ავტომობილს?
დიახ. ხშირი მკვეთრი აჩქარება და დამუხრუჭება აჩქარებს ძრავის, ტრანსმისიის, მუხრუჭებისა და საბურავების ცვეთას, რაც მომავალში დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.
4. რატომ არ არის რეკომენდებული საწვავის ავზის ბოლომდე დაცლა?
საწვავის დაბალი დონე საწვავის ტუმბოს გადახურების რისკს ზრდის და ავზში არსებული ნალექის სისტემაში მოხვედრასაც უწყობს ხელს, რაც ძრავის მუშაობაზე უარყოფითად აისახება.
5. საჭიროა თუ არა ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანაში ხელის მუხრუჭის გამოყენება?
დიახ. მხოლოდ „P“რეჟიმის გამოყენება ტრანსმისიის მექანიზმებზე დამატებით დატვირთვას ქმნის, ხოლო ხელის მუხრუჭის გამოყენება ამ დატვირთვას მნიშვნელოვნად ამცირებს.