როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა?
01.11.2026

მართვის მოწმობის აღება საქართველოში რამდენიმე თანმიმდევრული ნაბიჯით ხდება. ჯერ ირჩევთ კატეგორიას და ამოწმებთ, აკმაყოფილებთ თუ არა ასაკობრივ მოთხოვნას. შემდეგ იღებთ ჯანმრთელობის ცნობას და აბარებთ თეორიულ გამოცდას. ამას მოსდევს პრაქტიკული გამოცდა, რომელიც B კატეგორიისთვის ორ ეტაპად ტარდება: მოედანზე და ქალაქში. ბოლოს მართვის მოწმობას შსს-ის მომსახურების სააგენტო გასცემს.
რა არის საჭირო მართვის მოწმობის ასაღებად?
მართვის მოწმობის ასაღებად ოთხი ძირითადი პირობა უნდა დააკმაყოფილოთ:
- ასაკი: უნდა გქონდეთ არჩეული კატეგორიისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი. B კატეგორიისთვის ეს 17 წელია.
- ჯანმრთელობის ცნობა: სააგენტოში წარადგენთ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, ფორმა №IV-100/ა.
- მომზადება: 18 წლამდე კანდიდატისთვის ავტოსკოლის კურსის გავლა სავალდებულოა. სრულწლოვანს B კატეგორიაზე დამოუკიდებლადაც შეუძლია მომზადება.
- საფასური: გამოცდებზე დაშვებისა და მოწმობის გაცემის საფასური წინასწარ უნდა გადაიხადოთ.
ზუსტი მოთხოვნები კატეგორიის მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, C და D კატეგორიებისთვის საჭიროა B კატეგორიის მართვის სტაჟიც. ამიტომ განაცხადამდე მოთხოვნები გადაამოწმეთ მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
მართვის მოწმობის აღება ეტაპობრივად
1. შეარჩიეთ მართვის მოწმობის კატეგორია
კატეგორია განსაზღვრავს, რომელი სატრანსპორტო საშუალების მართვა შეგეძლებათ. ჩვეულებრივი მსუბუქი ავტომობილისთვის საჭიროა B კატეგორია, მოტოციკლის, სატვირთოს ან ავტობუსისთვის კი სხვა კატეგორიები. არჩეულ კატეგორიაზეა დამოკიდებული ასაკი, გამოცდის ეტაპები და საფასურიც.
2. მოამზადეთ საჭირო დოკუმენტები
დოკუმენტები თეორიულ გამოცდამდე უნდა მოამზადოთ. თუ რომელიმე აკლია, გამოცდაზე არ დაგიშვებენ, ჯავშანიც რომ გქონდეთ. ძირითადი ნუსხა ასეთია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომელიც სააგენტოში გაცემიდან 180 დღის განმავლობაში უნდა წარადგინოთ;
- საფასურის გადახდის ქვითარი (ქაღალდის, ელექტრონული ან SMS);
- 18 წლამდე კანდიდატისთვის: მშობლის ან მზრუნველის თანხმობა და ავტოსკოლის მოწმობა.
ფოტოსურათს სააგენტოში ადგილზევე გადაგიღებენ, ამიტომ წინასწარ მომზადება არ გჭირდებათ.

3. დაჯავშნეთ თეორიული გამოცდა და მოემზადეთ
თეორიულ გამოცდაზე რიგი წინასწარ უნდა დაჯავშნოთ მომსახურების სააგენტოს საგამოცდო ჯავშნის პლატფორმაზე. პირველი ჯავშნისას იხდით 55 ლარს. ეს თანხა მოიცავს გამოცდაზე დაშვებას (40 ლარი) და მართვის მოწმობის გაცემის საფასურს (15 ლარი), რომელსაც წინასწარ იხდით. მოსამზადებლად საუკეთესოა ოფიციალური საგამოცდო ბილეთები, რადგან გამოცდაზე სწორედ ისინი გხვდებათ. ასევე, სასურველია წინასწარ გაეცნოთ მართვის მოწმობის გამოცდის წესებსა და ცვლილებებს. ავტოსკოლაში სწავლა 18 წლის ზემოთ B კატეგორიისთვის აუცილებელი არ არის, თუმცა ბევრს გამოცდისთვის მომზადებაში ეხმარება.
მოსამზადებლად საუკეთესოა ოფიციალური საგამოცდო ბილეთები, რადგან გამოცდაზე სწორედ ისინი გხვდებათ. ავტოსკოლაში სწავლა 18 წლის ზემოთ B კატეგორიისთვის აუცილებელი არ არის, თუმცა ბევრს გამოცდისთვის მომზადებაში ეხმარება.
4. ჩააბარეთ თეორიული გამოცდა
თეორიული გამოცდა კომპიუტერზე ტარდება. B კატეგორიისთვის 30 წუთში 30 კითხვას პასუხობთ, ჩასაბარებლად კი სულ მცირე 25 სწორი პასუხია საჭირო. გამოცდაზე 10 წუთით ადრე მიდით, დოკუმენტებით ხელში.
5. ჩააბარეთ პრაქტიკული გამოცდა
B კატეგორიის პრაქტიკული გამოცდა ორი ეტაპისგან შედგება:
- პირველი ეტაპი (მოედანი): სპეციალურ მოედანზე ასრულებთ დადგენილ მანევრებს. ეს ეტაპი თეორიის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა ჩააბაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თეორიის შედეგი უქმდება.
- მეორე ეტაპი (ქალაქი): მართავთ რეალურ საგზაო მოძრაობაში, საგამოცდო მარშრუტზე. ამ გამოცდაზე გასვლა შეგიძლიათ მოედნის ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა და არაუგვიანეს 365 დღისა. რიგს წინასწარ ჯავშნით, ჯავშნისას ირჩევთ გადაცემათა კოლოფს (მექანიკა ან ავტომატიკა) და იხდით საფასურს.
A, A1, A2 და B1 კატეგორიებისთვის ქალაქის ეტაპი არ ტარდება. მოწმობა მოედნის გამოცდის ჩაბარების შემდეგ გაიცემა.
6. მიიღეთ მართვის მოწმობა
ყველა გამოცდის ჩაბარების შემდეგ მართვის მოწმობა 7 სამუშაო დღის განმავლობაში მზადდება. როცა მზად იქნება, SMS შეტყობინება მოგივათ და მას არჩეულ ფილიალში მიიღებთ. გაცემის საფასური პირველი ჯავშნისას უკვე გადახდილი გაქვთ. თუ გეჩქარებათ, დამატებითი საფასურით მოწმობას გამოცდის დღესვე ან 1 სამუშაო დღეში მიიღებთ.

რა ასაკიდან შეიძლება მართვის მოწმობის აღება?
B კატეგორიის მართვის მოწმობის აღება 17 წლიდან შეიძლება. 17 წლის კანდიდატს სჭირდება ავტოსკოლის კურსის გავლა და მშობლის ან მზრუნველის წერილობითი თანხმობა. მშობლის თან მოსვლა აუცილებელი არ არის, თუ ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა გაქვთ.
სხვა კატეგორიებისთვის მინიმალური ასაკი განსხვავებულია: 16-დან 24 წლამდე, იმის მიხედვით, რომელი სატრანსპორტო საშუალების მართვა გსურთ.
რა ღირს მართვის მოწმობის აღება?
მომსახურების სააგენტოს მოქმედი ტარიფებით, B კატეგორიისთვის ძირითადი საფასურები ასეთია:
- პირველი ჯავშანი (თეორია, მოედანი და მოწმობის გაცემა): 55 ლარი;
- ხელახლა დაშვება თეორიასა და მოედანზე: 40 ლარი;
- ქალაქის გამოცდა (B და BE კატეგორია, ყოველი ცდა): 90 ლარი.
თუ ყველა გამოცდას პირველივე ცდით ჩააბარებთ, სააგენტოს მომსახურება ჯამში 145 ლარი დაგიჯდებათ. ამას ემატება ჯანმრთელობის ცნობის ღირებულება და, საჭიროების შემთხვევაში, ავტოსკოლისა და მართვის გაკვეთილების ხარჯი. ეს ხარჯები სერვისის მიმწოდებლის მიხედვით განსხვავდება.
18 წლამდე კანდიდატისთვის თეორიასა და მოედანზე პირველი გასვლა უფასოა. თუ ორივეს პირველივე ცდით ჩააბარებს, ქალაქის პირველი ცდაც უფასოა. სოციალურად დაუცველ პირებს იმავე პირობებით 50%-იანი შეღავათი აქვთ. სხვა კატეგორიებისთვის ქალაქის გამოცდის საფასური განსხვავებულია.
რამდენი დრო სჭირდება მართვის მოწმობის აღებას?
ზუსტი ვადა წინასწარ არ არსებობს: ის დამოკიდებულია თქვენს მომზადებაზე, თავისუფალ საგამოცდო ადგილებსა და იმაზე, რამდენი ცდა დაგჭირდებათ. თუმცა კანონით დადგენილი ვადებიდან გამომდინარე, B კატეგორიისთვის მინიმალური გზა ასე გამოიყურება:
- თეორიის ჩაბარების შემდეგ მოედანს 30 დღის განმავლობაში აბარებთ;
- ქალაქის გამოცდაზე გასვლა მოედნიდან არაუადრეს 15 დღისა შეგიძლიათ;
- მოწმობა 7 სამუშაო დღემდე მზადდება, თუ დაჩქარებულ მომსახურებას არ აირჩევთ.
ასე რომ, ყველა გამოცდის პირველივე ცდით ჩაბარების შემთხვევაშიც, პროცესი რამდენიმე კვირას გრძელდება. ჩაჭრის შემთხვევაში ხელახლა გასვლამდე დადგენილი ლოდინის პერიოდი ამ ვადას ახანგრძლივებს.

დასკვნა
მართვის მოწმობის აღებას უმჯობესია კატეგორიის არჩევითა და ჯანმრთელობის ცნობის აღებით დაიწყოთ. შემდეგ თეორიულ გამოცდაზე რიგი დაჯავშნეთ და მოსამზადებლად ოფიციალური ბილეთები გამოიყენეთ. მოწმობის მიღების შემდეგ კი, თუ საკუთარ ავტომობილზე ან სკუტერზე ფიქრობთ, მისი შეძენა მოგოს ლიზინგითაც შეგიძლიათ.
ხშირად დასმული კითხვები
საჭიროა თუ არა ავტოსკოლაში სწავლა მართვის მოწმობის ასაღებად?
18 წლიდან B, A1, A2 და B1 კატეგორიებზე, ხოლო A კატეგორიაზე 21 წლიდან, გამოცდაზე ავტოსკოლის გარეშეც შეგიძლიათ გასვლა. 18 წლამდე ავტოსკოლის კურსის გავლა სავალდებულოა.
რა ხდება, თუ მართვის მოწმობის გამოცდას ვერ ჩავაბარებ?
- თეორია: ხელახლა გასვლა შეგიძლიათ არაუადრეს მე-7 დღისა, 40 ლარად.
- მოედანი: ხელახლა გასვლაც არაუადრეს მე-7 დღისა შეიძლება, თუმცა თეორიის ჩაბარებიდან 30-დღიან ვადაში უნდა ჩაეტიოთ.
- ქალაქი: ხელახლა გასვლა შეიძლება არაუადრეს 30 დღისა. თუ დაჯავშნილ გამოცდაზე არ გამოცხადდებით ან დააგვიანებთ, 90 დღის განმავლობაში ხელახლა ვერ გახვალთ.
შემიძლია თუ არა მანქანის მართვა გამოცდის ჩაბარებისთანავე?
არა. მართვის უფლება მოწმობის მიღების შემდეგ გეძლევათ, ამიტომ მანამდე, სანამ მზა მოწმობას ფილიალში აიღებთ, საჭესთან დამოუკიდებლად ჯდომა არ შეიძლება.