ავტომატური თუ მექანიკური ტრანსმისია: რომელი სჯობს?
10.01.2024
ერთი შეხედვით მარტივ კითხვას: „მექანიკა გირჩევნია, თუ ავტომატიკა?” ბევრი დამატებითი შეკითხვა, თუ ამდენივე ინდივიდუალური პასუხი მოჰყვება, ვინაიდან ერთმნიშვნელოვნად რთულია იმის თქმა, ავტომობილი მექანიკური გადაცემათა კოლოფით სჯობს, თუ ავტომატურით, თუმცა ჭეშმარიტია ის აზრი, რომ სიჩქარის კოლოფს მანქანის ფუნქციონირებისთვის საკვანძო როლი აქვს.
მაგალითად, ავტომატური კოლოფი ქალაქში მოძრაობის დროსაა მოსახერხებელი, როდესაც მძღოლს საცობებში დგომა და სიჩქარეების გადართვა ხშირად უწევს. რაც შეეხება მექანიკურს, მას უფრო საიმედოდ მიიჩნევენ. ავტომატური კოლოფისგან განსხვავებით, ამ ტიპის გადაცემათა კოლოფი მძღოლს მანქანაზე სრული კონტროლის საშუალებას აძლევს, რაც სიჩქარის უფრო სწრაფად აკრეფასა და ბენზინის ეკონომიად ითარგმნება.
ორივე სახის გადაცემათა კოლოფს განსხვავებული უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს. ამიტომ, შევეცდებით, თითოეულზე დეტალურად მოგიყვეთ:
ავტომატური ტრანსმისიის ტიპები
ავტომატიკის პრინციპი შემდეგშია - გადაცემათა კოლოფი, ბრუნვების მიხედვით, მაღალ თუ დაბალ სიჩქარეზე თავისით გადაირთოს. დღესდღეობით, ავტომატური გადაცემათა კოლოფების რამდენიმე ტიპი არსებობს: კლასიკური, ვარიატორული, თავისი პუსებითა და მინუსებით. მაგალითად, ვარიატორი სუსტია, ავტომატური - ნელი. ამის გამო, ავტოინჟინრებმა ორმაგი გადაბმულობის კოლოფი, ე.წ. Dual Clutch კოლოფი შექმნეს.
ქვემოთ, თითოეულ მათგანს, მოკლედ განვიხილავთ:
კლასიკური: ავტომატურ გადაცემათა პირველი კოლოფი 1921 წელს, კანადელმა ორთქლის ინჟინერმა, ალფრენდ ჰორნერ მურნომ გამოიგონა. მოწყობილობა, რომელშიც მისი ავტორი სითხის ნაცვლად, შეკუმშულ ჰაერს იყენებდა და რომელიც არ იყო ძლიერი და კომერციულადაც არასოდეს გაყიდულა. რაც შეეხება Hydra-Matic ტრანსმისიას, ეს იყო ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაცია. მართალია, ის პირველი ავტომატური გადაცემათა კოლოფი არ იყო, მაგრამ იყო პირველი, რომელიც რეალურად მუშაობდა და მისი კომერციული წარმატება შემდეგი ავტომატური კოლოფების განვითარების წინაპირობა გახდა.
ვარიატორული: აბრევიატურა CVT Continuously Variable Transmission (უსაფეხურო გადაცემათა კოლოფი), ივივე ვარიატორული გადაცემათა კოლოფი ერთსიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის ტიპია, რომელიც ძირითადად, მცირე ზომის მანქანებში გვხვდება.
ვარიატორის მუშაობის პრინციპი გასაოცარია. CVT გადაცემათა კოლოფი შედგება ორი შკივისგან, რომელიც ერთმანეთთან V-ფორმის ღვედური ამძრავებითაა დაკავშირებული. ერთი ძრავთან, მეორე კი - ბორბლებთან. როდესაც აჩქარების სატერფულს დააწვებით, ძრავა ბრუნვას, ხოლო კონუსი მოთხოვნილი სიმძლავრის შესაბამისად ტრიალს იწყებს. მერე კონუსი ამ ყველაფერს ერგება და ღვედის დაჭიმულობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
ორი კონუსის დამოუკიდებლად მოძრაობა ნიშნავს, რომ სიჩქარეები ჩვეულებრივი, ავტომატური ან მექანიკური კოლოფის მსგავსად დაყოფილი არ არის. ეს გარემოება CVT-ით აღჭურვილი ავტომობილების მაღალ ბრუნებასაც ხსნის.
DCT: ორმაგი გადაბმულობის კოლოფის (Dual Clutch) კონცეპტი პირველად 1939 წელს გამოჩნდა. მისი მუშაობის პრინციპი ძალიან ჰგავს მექანიკურისას, განსხვავება ის არის, რომ აქ ორმაგი გადაბმულობის კოლოფია და შესაბამისად, ორი გადაბმულობა აქვს, ორი შემშვები ღერძით. ამ უკანასკნელზე სიჩქარეებია განლაგებული, რომლითაც უზრუნველყოფილია ნესბისმიერ დროს, ნებისმიერი სინქრონიზატორის ნებისმიერ კბილანაზე გადაცმა, რაც სიჩქარის მილიწამებში შეცვლასა და საბოლოოდ, ძალისა და დროის მინიმალურ დანაკარგში ითარგმნება. DCT-ის სიჩქარის დიაპაზონი 8-დან 100 მილიწამამდე მერყეობს.
ავტომატური ტრანსმისიის პლუსები და მინუსები
ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ავტომატური გადაცემათა კოლოფის მთავარი უპირატესობა მისი სიმარტივეა, რომელიც სხვადასხვა ჭრილში შეგვიძლია, განვიხილოთ:
მოხმარება — ამ ტიპის გადაცემათა კოლოფი, მექანიკურთან შედარებით, გაცილებით მარტივი გამოსაყენებელია და მისი მართვის სწავლაც მნიშვნელოვნად მცირე დროს მოითხოვს.
საჭესთან ურთიერთობა — ავტომატურ კოლოფზე შესაძლებელია საჭის ორივე ხელით მართვა, რაც, თავის მხრივ, ახალბედა მძღოლების პერსპექტივით, უსაფრთხოების წინაპირობაა, ვინაიდან საჭის ორივე ხელით მართვა მათთვის უფრო ორგანულია. მექანიკის შემთხვევაში, ეს შეუძლებელია.
არაერთგვაროვან რელიეფზე გადაადგილება — ნაკლებად გამოცდილი მძღოლებისთვის, მაგალითად, დაღმართზე მექანიკით ჩასვლა საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს. შესაბამისად, ავტომატური გადაცემათა კოლოფი ამ პრობლემის გადაჭრის მარტივი გზაა.
ძრავის ჩაქრობის მინიმალური შანსი — როგორც წესი, ავტომატური კოლოფების ძრავა მხოლოდ მაშინ ქრება, როცა ავტომობილს რაიმე მექანიკური პრობლემა აქვს.
საცობებისთვის ზედგამოჭრილი — თბილისის საცობებს თუ გავითვალისწინებთ, ამ შემთხვევაში, ქალაქში სამოძრაოდ, ვფიქრობთ, ავტომატიკა ბევრად პრაქტიკული არჩევანი იქნება, ვინაიდან განსხვავებით მექანიკურისგან, რომლის შემთხვევაშიც მანქანის ხშირი დაძვრა და გაჩერება დისკომფორტია, აქ გაჭედილ მოძრაობაში გადაადგილება პედალზე ფეხის ერთხელ დაჭერით ხდება.
რაც შეეხება ნაკლოვანებებს, ვინაიდან ავტომატური კოლოფი მექანიკურზე გაცილებით კომპლექსურია, მისი სერვისიც, შესაბამისად, უფრო ძვირი ჯდება.
მექანიკური ტრანსმისიის ტიპები
მექანიკური გადაცემათა კოლოფი არის ტრანსმისია, რომელსაც კომპიუტერის ნაცვლად, ადამიანი მართავს. შესაბამისად, ავტომობილის სისწრაფესა და ძრავის ბრუნვის მომენტის კონტროლს თავად მძღოლი საზღვრავს.
გადაცემათა კოლოფის ძირითადი დანიშულებაა, ძრავის მიერ გამომუშავებული ენერგია ეფექტურად გაანაწილოს. მექანიკური გადაცემათა კოლოფი შედგება: შემშვები და გამავალი კბილანების, ასევე ბრუნვის გადამტანი ღერძისგან.
დღესდღეობით, როგორც წესი, მექანიკური გადაცემათა კოლოფით სპორტული ავტომობილები მზადდება, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მფლობელისა და სატრანსპორტო საშუალების უშუალო კონტაქტის მნიშვნელობას. არსებობს უამრავი ტესტი, კვლევა და ფაქტი იმის შესახებაც, რომ მძღოლი, რომელიც მექანიკური გადაცემათა კოლოფით მართავს ავტომობილს, ბევრად უფრო ყურადღებიანი და მობილიზებულია, რაც საავარიო სიტუაციებიდან თავის ადვილად დაღწევაში ეხმარება.
მექანიკური ტრანსმისიის პლუსები და მინუსები
მექანიკური კოლოფის მთავარი დადებითი მხარე მისი ბიუჯეტურობაა.
იაფია თავად ავტომობილიცა და მისი სერვისიც — მექანიკური კოლოფები, როგორც წესი, სერვისს არ საჭიროებს, თუმცა შეკეთების აუცილებლობის შემთხვევაშიც, მომსახურება ბევრად უფრო იაფი ჯდება.
ეკონომიურია — ერთი და იმავე ოდენობის საწვავით მექანიკური კოლოფით უფრო მეტს გაივლით, ვიდრე ავტომატურით. მექანიკური გადაცემათა კოლოფი ნაკლებად კომპლექსურია, ნაკლებს იწონის და ავტომატურზე მეტი სიჩქარეებიც აქვს.
კონტროლი — მექანიკური გადაცემათა კოლოფი მძღოლებს მანქანაზე გაცილებით მეტი კონტროლის საშუალებას აძლევს, ლოგიკურია, რომ ამ ტიპის ავტომობილებზე მოთხოვნა უფრო გამოცდილ მძღოლებს აქვთ, რადგან მათ შეუძლიათ, სხვა მძღოლების მოახლოებული მდგომარეობა წინასწარ განსაზღვრონ და დაბალი სიჩქარე აირჩიონ სიმძლავრის მომატების მიზნით. განსხვავებით ავტომატიკისგან, რომელიც ზედმეტად მაღალ სიჩქარეს ირჩევს, ძრავის მეტ ენერგიას ხარჯავს და უსაფრთხოების თვალსაზრისით, არცთუ იშვიათად, არასწორ გადაწყვეტილებას იღებს.
რაც შეეხება ნაკლოვანებებს:
- მექანიკა ძნელად სასწავლია, ვინაიდან ამ შემთხვევაში, მძღოლს სიჩქარეების შეცვლა ხელით უწევს;
- საცობში გადაადგილება ზედმეტად უსიამოვნოა სიჩქარეების ხშირ-ხშირი გადართვა-გადმორთვის გამო;
- ამ ტიპის ავტომობილის მართვის უფლება არ გაქვს, თუ მექანიკის მართვის მოწმობა არ გაქვს.
შეჯამება
რომ შევაჯამოთ, ავტომატური გადაცემათა კოლოფები უფრო მარტივად გამოსაყენებელი და სამართავად კომფორტულია იმ დროს, როცა მექანიკური კოლოფები უფრო ბიუჯეტური და რთულია. ვარიატორი კი ავტომატიკას ჯობია საწვავის ეკონომიითა და უფრო გლუვი გადაადგილებით, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, ავტომატიკა უფრო გამძლე და სწრაფია რეაქციებში.
და მაინც, მექანიკა თუ ავტომატიკა? როგორც შესავალშივე აღვნიშნეთ, ამ კითხვაზე პასუხები ინდივიდუალური იქნება, რომელსაც საკუთარი ცხოვრების წესის, ფინანსური შესაძლებლობებისა თუ მანქანის მართვასთან დაკავშირებული კომფორტისა და დისკომფორტის გათვალისწინებით მიაგნებთ. მაგრამ როგორც კი მიაგნებთ, იცოდეთ, რომ ნებისმიერი ტიპის გადაცემათა კოლოფით - Mogo-ს დახმარებით, მეორეული ავტომობილების ლიზინგიც შეგიძლიათ - ყველაზე მარტივი, სწრაფი და ლოიალური მომსახურებით.